ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში. ვიზიტი მოიცავდა მონაწილეობას ბორდო მონტენის უნივერსიტეტსა და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებულ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის კვირეულებში (Erasmus Staff Week).
ბორდო მონტენის უნივერსიტეტში გამართული კვირეულის ფარგლებში დეკანმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, რომლებიც ეხებოდა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების დაგეგმვას, სტუდენტური მომსახურების გაუმჯობესებას და Erasmus+ მობილობის ადმინისტრირების მექანიზმების სრულყოფას. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტივობამ, რომლის ფარგლებშიც თსუ იურიდიული ფაკულტეტი წარდგენილ იქნა პოსტერის მეშვეობით. პოსტერი ასახავდა ფაკულტეტის ძირითად მიმართულებებსა და მიღწევებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა უკეთ გაცნობოდნენ თსუ-ს საქმიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას. აღნიშნულმა პრეზენტაციამ ხელი შეუწყო ფაკულტეტის ცნობადობის ზრდას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.
კვირეულის პროგრამაში შედიოდა ბიბლიოთეკებისა და სტუდენტური სამსახურის პრეზენტაციები, ასევე პროფესიული ინტეგრაციისა და კარიერული განვითარების სემინარები, რომელთა ფარგლებში მიღებული გამოცდილება გამოსადეგი იქნება ფაკულტეტის მომავალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამედიცინო სამართლიანობის, თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს, რომლებიც განხილულ იქნა სპეციალურ პანელებსა და სამუშაო შეხვედრებზე.
ვიზიტის მეორე ნაწილი გაიმართა ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის 9-13 ივნისს, სადაც დეკანი Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობდა. აქტივობები მოიცავდა პრეზენტაციებსა და დისკუსიებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ასევე შემეცნებით ტურებს, რომლებიც მიმართული იყო ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების განვითარებისკენ. აღსანიშნავია, მონაწილეობა ინოვაციურ პროექტში „One Health“ ღია ლაბორატორია, რომლის მიზანიცაა გარემოს დაცვისა და კეთილდღეობის კონცეფციის ინტეგრირება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
ლილისა და ბორდო მონტენის უნივერსიტეტის პროფესორებთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაეხმარება უნივერსიტეტს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვაში. მიღებული გამოცდილება და კონტაქტები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებასა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი ინიციატივების განვითარებას.
